„უწანამძღვრო საწყისი“ პლატონის და კანტის ფილოსოფიაში

„უწანამძღვრო საწყისი“ პლატონის და კანტის ფილოსოფიაში

თარგმნა დავით შერგელაშვილმა

 

ამ ნაშრომის მიზანია ორი ტექსტის შედარება, რომლებიც სავარაუდოდ ერთ პრობლემას ეხებიან. პირველ მათგანში, პლატონი  „სახელმწიფო“ VI, 509b-511e, საუბარია ცოდნაზე, არცერთ ჰიპოთეზას რომ არ ეყრდნობა, მაგრამ ყველა დანარჩენი ტიპის ცოდნას ასაბუთებს. მეორეში, „წმინდა გონების კრიტიკა“, წმინდა განსჯითი ცნებების დედუქცია, §§16-19, ყალიბდება სწავლება ტრანსცენდენტალური აპერცეპციის, როგორც განსჯითი ცოდნის საფუძვლის შესახებ. პლატონის და კანტის სწავლებების ისტორიული და ლოგიკური ასპექტებით განსხვავება საკმაოდ თვალსაჩინოა. უფრო საინტერესოა, ყურადღების მიპყრობა ძალზედ პრობლემატურ, არა ზედაპირულ მსგავსებაზე (ამ სწავლებებში როგორც საკითხის დაყენების, ასევე გადაწყვეტის). ზემოთ მოყვანილი ტექსტები იძლევიან საშუალებას ასეთი შედარებისთვის.

 

ახლავე შეიძლება იმ თემის აღნიშვნა, რომელიც ფორმით და მასალით ასე განსხვავებულ კონცეფციებს აახლოებს. ეს არის ზეგამოცდილებითი სინთეზის თემა. ის იმდენად გვევლინება ყოველგვარი რაციონალური სინთეზური მსჯელობის საფუძვლად, რამდენადაც მისი შესაძლებლობის აღიარება ხდება. მისითვე დაისმის შეკითხვა ისეთი მეცნიერების შესახებ, ცოდნაზე ცოდნის ფუნქციას რომ ასრულებს და ამავე დროს, საკუთარ თავს ეყრდნობა. სხვა სიტყვებით - ფილოსოფიის, როგორც ზუსტი მეთოდის შესაძლებლობაზე. რადგანაც, ზემოთ მოყვანილი ტექსტები პლატონის და კანტის სისტემების გასაღებებია, ხოლო იქ დაყენებული საკითხები ერთ-ერთი უმთავრესია დასავლეთევროპულ ფილოსოფიაში, შეგვიძლია თავიდანვე ვაღიაროთ, როგორც მათი მსგავსების, ასევე განსხვავებების დიდი მნიშვნელობა.

 

განვიხილოთ, როგორ აყენებს პრობლემას პლატონი. „სახელმწიფოს“ VI წიგნი დიალოგის გულისგულია. აქ ყალიბდება სწავლება მზე-სათნოების შესახებ, რომელიც ისევე ქმნის თავის გარშემო იდეათა იერარქიას, როგორც იდეები სოციალურ იერარქიას. პასაჟში 509d-510a, პლატონი იძლევა ცოდნის გვარეობათა სისტემატიზაციას, არათანაბარ ნაწილებად გაყოფილი ხაზის მეშვეობით.

 

VII წიგნში (533e-534a) პლატონი განმარტავს: „არსებობა ისე მიემართება ქმნადობას, როგორც აზროვნება - წარმოდგენას, და როგორც აზროვნება მიემართება წარმოდგენას, ისე მიემართება ცოდნა რწმენას, გონივრული განსჯა კი - მიმსგავსებას“.

 

 

 

 

                                                                                                                                                                

                                                                                       episteme                                                          

                                                    noesis (oysia)                                                    noeton      

                                                                                        dianoia

 

 

                                                                                        pistis

                                                       doxa (genesis)                                                    horaton

                                                                                        eikasia

 

 

პირველ ორ დანაყოფს პლატონი გონითსაწვდომ სამყაროს მიაკუთვნებს, შემდეგ ორს ხილულს (1). პლატონის პროპორცია იმაზეც მიუთითებს, რომ გონითსაწვდომის მწვერვალებზე აღმასვლა სრულდება კანონზომიერი და რიტმული ეტაპებით. პასაჟში 510b-511e ირკვევა, რომ თითოეული ეტაპის საზღვრებში ქვედა დანაყოფი თითქოს ზედას საყრდენს, საფეხურს წარმოადგენს (წანამძღვარი-hypotesis), ან იმას, რასაც ახლა ვუწოდებდით ამა თუ იმ მეცნიერული სისტემის აქსიომას თუ პოსტულატს. ხოლო სული, ცოდნის უმაღლესი საფეხური პლატონის მიხედვით, ეძიებს წანამძღვრიდან საწყისამდე აღმასვლით, საწყისამდე, წანამძღვრები რომ არ გააჩნია. ეს arche anypothetos (უწანამძღვრო საწყისი) ისეთია, რომ თავად წარმოადგენს საფუძველს ყოველგვარი ცოდნისა და აქედან გამომდინარე არ შეუძლია საკუთარი წანამძღვრები გააჩნდეს. გეომეტრები, განმარტავს პლატონი, აკეთებენ დაშვებას: მათ ესმით რა არის ლუწი და კენტი, ფიგურა და ა.შ.  სინამდვილეში ისინი გასააზრებელის ხატოვნად გამოხატვით კმაყოფილდებიან, მაშინ როცა ლოგიკური დასკვნები გონითსაწვდომის მიმართ კეთდება. ხოლო უწანამძღვრო საწყისი კი არის ცოდნის დონე, რომელზეც ქრება პირობითი დაშვების (მათ შორის ლოგიკურად არაცხად აქსიომების) და ობიექტის ინტელექტუალური ჭვრეტის ორმაგობა. პლატონის თქმით, წანამძღვრებით აზროვნება ბოლომდე ისე მიდის, თითქოს საწყისი არ გააჩნდეს. აზროვნების უმაღლესი ტიპი, დიალექტიკური გაურბის ხატებებს და წმინდა იდეების მეშვეობით ისწრაფის საწყისისკენ. 511b-c-ში პლატონი შენიშნავს, რომ ჰიპოთეზები დიალექტიკისთვის წარმოადგენს მხოლოდ მიდგომებს და სწრაფვებს (epibaseis te kai hormas), ე.ი. საყრდენებს და უმაღლესისკენ გარღვევებს. გონი, თითქოს ჰიპოთეზის საბიჯგს დაყრდნობილი ახტომით ცდილობს „უწანამძღვრო საწყისს“ შეეხოს. მასთან შეხებით (hapsamenos) გონი ასრულებს თავის სამუშაოს ისე, რომ არ იყენებს გრძნობად ხატებებს, არამედ მხოლოდ იდეებს მათ ურთიერთკავშირში. პლატონთან ტაქტილური მეტაფორა შემთხვევითი არაა: „უწინამძღვრო საწყისი“ არ შეიძლება გამოხატულ იქნას დისკურსიული ფორმით და არ წარმოადგენს ცნებათა გვაროვნულ-სახეობითი იერარქიის ელემენტს. არისტოტელე „დაუნაწევრებელი საგნების“ ჭეშმარიტი შემეცნების აღწერისას ამბობს: ჭეშმარიტება ასეთ მიმართებაში არის „შეხება“ (thigein) (Met. 1051b 20).

 

გონითსაწვდომი საგნებისთვის საწყისის და საფუძველის აუცილებლობა, მათი თვითუკმარობა, აზროვნებას რომ აიძულებს ყოფიერების ზედა ზღვარი ეძიოს, პლატონის მრავალ დიალოგში საბუთდება. ასეთია არა მარტო „ფილებოსი“ და „ტიმეოსი“ სათნოების და დემიურგის კონცეფციებით, იდეებს რომ ჩანაფიქრის განსახორციელებელ საშუალებებად იყენებენ, არამედ „პარმენიდეც“, სხვადყოფნის ყველა დონე რომ მთელის უმაღლეს თვითიგივეობამდე აჰყავს და „თეეტეტოსი“ რომელიც ამტკიცებს, რომ ცოდნა როგორც ასეთი, წინ უსწრებს ცოდნის ყოველგვარ კონკრეტულ ტიპს და დასაბუთების ძიებაში აუცილებლად მიბრუნდება საკუთარი თავისკენ.

 

პლატონის კონცეფცია ეხმაურება ბერძნულ ფილოსოფიაში არსებულ ძველ პრობლემებს, მაგრამ როგორც გადაწყვეტის მეთოდი, წარმოადგენს სრულიად ახალს. პირველ რიგში, პლატონს შემოაქვს ახალი წარმოდგენა პირველსაწყისზე, პრინციპულად განსხვავებულის სოკრატამდელთა „არქესგან“. პირველსაწყისი არსებითად განსაზღრული ყოფიერების მიღმაა და ამიტომ არ შეიძლება იყოს ესა თუ ის არსი. თუმცა, ის არის წყარო, წარმომშობი როგორც ყოველი განსაზღვრული ყოფიერების, ასევე მისი შემეცნების შესაძლებლობისა (2). პლატონური პირველსაწყისის ხაზგასმული მიღმურობა კონტრასტშია არა მარტო წინამორბედთა თეორიებთან, არამედ არისტოტელეს ონტოლოგიასთანაც. „გონი“ ანაქსაგორას მიხედვით, ფუნქციურად მსგავსია „მზე-სათნოების“ როლთან, მაგრამ თავისი აბსოლუტური სიწმინდის მიუხედავად, ის განუყოფლად დაკავშირებულია კოსმოსის მთლიანობასთან. „გონი“ არისტოტელეს სწავლებაში ინარჩუნებს პლატონური პირველსაწყისის თითქმის ყველა მახასიათებლებს, გარდა ერთისა: წარმოადგენს რა ფორმათა არქიტექტონიკის ზღვრულ განზოგადებას, ის არ შეიძლება ჩაითვალოს ყოფიერების მიღმურ პირველწყაროდ. აქ ვერ შევეხებით სამივე ზემოთ მოყვანილი კონცეფციების სავარაუდო დაახლოების რთულ ისტორიულ-ფილოსოფიურ პრობლემას, რამეთუ რეალურად მნიშვნელობა ჰქონდა სახელდობრ მოცემულ განსხვავებას.

 

საინტერესოა „სათნოების” შესახებ სწავლების არა მხოლოდ აპოფატიკური, არამედ კატაფატიკური შინაარსი, თავისებური analogia entis, თუ განიხილება ის როლი, რასაც უმაღლესი საწყისი ასრულებს ყოფიერებისა და აზროვნების კავშირის პლატონურ სქემაში. აქ, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ „სათნოება“ წარმოადგენს პირობას ნებისმიერი სინთეზური („სინოპტიკური“ - პლატონის ტერმინოლოგიით) აზროვნების აქტისა და მეორე მხრივ, ახასიათებს არსს (ე.ი. აზროვნებაში მოპოვებული რეზულტატს), როგორც მომენტს სულის სათნოებისკენ მოძრაობისა. მჟღავნდება პარადოქსალური კავშირი ადამიანისგან ყველაზე შორეულ მიღმურ „არქეს“ და მისთვის ყველაზე ახლობელ, უპირველესად მისი გრძნობისთვის და არა თავისთავადი სამყაროსთვის ნიშანდობლივი უნარი გაარჩიოს „კარგი“ და „ცუდი“ (3). გარკვეული ინფორმაციის ფლობა, საჭიროებს იმის ცოდნასაც, თუ რატომ სჭირდება ადამიანს ცოდნა! - ეს აზრი პლატონის ფილოსოფიის ლაიტმოტივია, ფესვგადგმული უკვე მის ადრეულ დიალოგებში. შესაძლოა, ამ აზრის ყველაზე მკაფიო ილუსტრაციაა „ფედონის“ ეპიზოდი, როდესაც სოკრატე „გონის“ შესახებ ანაქსაგორას სწავლებასთან დაკავშირებულ იმედებსა და გაწბილებაზე ჰყვება. ანაქსაგორას „გონი“, უფრო ზუსტი თარგმანით „განგება“ უნდა გვიხსნიდეს, არა მხოლოდ იმას, რატომ არის საქმის ვითარება ასეთი, არამედ იმასაც, რატომ სჯობს ასე და არა სხვანაირად. ბუნებრივია, ანაქსაგორასთან ამას ვერ ვიპოვით. ორი სხვადასხვაგვარი პლანის, სუბიექტური სათნოების და ობიექტური არსის შეერთებას პლატონი შეეცდება. ამასთან, აღმოჩნდება, რომ ერთმანეთთან კავშირშია კიდევ ორი პლანი: სუბიექტური არსი და ობიექტური სათნოება.

 

უშორესის და უახლოესის კავშირის ილუსტრაციას პლატონი მრავალფეროვანი ხერხებით ახდენს. განსაკუთრებით საყურადღებოა, მიზეზობრიობის პრესოკრატული გაგების დესტრუქცია, რასაც პლატონი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა, ვიდრე იმ წარმოდგენების გადააზრებას, თუ რა ნივთიერება იყო პირველსაწყისი. პლატონის თვალსაზრისით, მიზეზ-შედეგობრივი რიგის ნებისმიერ მოვლენას უნდა გააჩნდეს ორი განზომილება: სხეულებრივი, ხილული ძალა, მამოძრავებელი და ამოძრავებული გარეშე აუცილებლობით და გონივრული ძალა, მიზანშეწონილად სათნოების და მშვენიერების შემოქმედი. მიზეზთა პირველი გვარი („დამხმარე მიზეზნი“, xynaitiai -პლატონის ტერმინოლოგიით) წარმოადგენს საშუალებას მეორესთვის (იხ. Tim. 46c-e). ამგვარად, ნებისმიერი მოვლენა შესაძლოა არა მარტო აღყვანილ იქნეს სათნოებამდე, არამედ, როგორც უშუალო ფიზიკური ფაქტი გაიზომოს ადამიანისთვის უახლოესი საზომით - სათნოებით.

 

ჯ. რავენმა არგუმენტირებულად აჩვენა, რომ ონტოლოგიურ დონეთა კავშირის წესები ერთი მთლიანობაა, თანამიმდევრულად რომ იხსნება სამ ხატებაში: მზე, ხაზი და გამოქვაბული (4). მზე თავისთავად მეტყველი სიმბოლოა იმისა, როგორ მიემართება უსაყრდენო საწყისი სამყაროს: ის, რასაც არ გააჩნია გონითსაწვდომი მოხაზულობა, ანიჭებს სახეს ყველა დანარჩენს; ის, რაც პირდაპირ და უშუალოდ ვერ განიხილება, აძლევს საშუალებას ყველა დანარჩენს, დანახულ იქნეს. მზის სიმბოლო, სინათლის დასავლეთევროპულ მეტაფიზიკაში თავისი ყველა შესაძლებლობით გაშლილი, საკმაოდ დაწვრილებით არის შესწავლილი. მაგრამ აქ ყურადსაღებია შემდეგი. მზის ხატება, ისევე როგორც მომდევნო, ხაზის ხატება, თავისთავში ატარებს საზომის და პროპორციული კავშირის მნიშვნელობას. მზე ისე მიემართება ხილულ სამყაროს, როგორც სათნოება გონითსაწვდომ სამყაროს (508c). ხილულ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვან და შორეულს, მზეს, გააჩნია მსგავსება თვალში (508b; შდრ. აგრეთვე: Tim. 45b-46c), ე.ი. მზერა და მზერის წყარო დაკავშირებულია რაღაც ანალოგიით. თანაც, ხილული მდოვრედ კი არ გადაედინება გონითსაწვდომში, არამედ ადის ზომიერი ნახტომებით: პლატონური უნივერსუმი იყოფა ორ სამეფოდ, რომელშიც ორი მეუფეა. უმცროსი არა მარტო ემორჩილება უფროსს, მისი სამეფო პროპორციულად იმეორებს უმაღლესის კანონებს (5). ამგვარად, უკვე მზის სიმბოლო მიუთითებს იმ თანაფარდობებზე, რომელშიც მონაწილეობენ მონადა, დიადა და ტრიადა, რომელთა მნიშვნელობებსაც ჩვენ ვიცნობთ გამყოფი ხაზის ანალოგიით.    

 

როგორც წესი, გამყოფი ხაზი უფრო იშვიათად ხდება კვლევის ობიექტი, ვიდრე მზე და გამოქვაბული, მაგრამ სწორედ რომ „უწანამძღვრო საწყისის“ მნიშვნელობის გასარკვევად, ყურადღება უნდა მიექცეს ამ გეომეტრიული ილუსტრაციის ფუნქციურ როლს. ანალოგიის უახლოესი შინაარსია პროპორციულობა და აღსაქმელ და შესამეცნებელ სამყაროთა ყველა ელემენტის ურთიერთდამოკიდებულება. მონადური მთლიანობის დაკარგვით, ხაზი იყოფა დიადად, რომლის ერთი ნაწილი მთელთან მსგავსებას ინარჩუნებს, მეორე კი პირველ ნაწილთან მსგავსებას. თავის მხრივ, თითოეული ნაწილი იმავე წესით, ორად იყოფა. ალბათ, ნიმუშად და ასლად ასეთი დაყოფა, ერთხელ დაწყებული, შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, მაგრამ პლატონისთვის ოთხად განაწილების ეტაპი პრინციპულად მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთელი არათანაბარ ნაწილებად იყოფა (შდრ. პლატონის დაუწერელი მოძღვრებიდან მომდინარე  „განუსაზღვრელი ორობა“, „დიდი-პატარა“). თანაბრად გაყოფა მთელს გაანადგურებდა, მაშინ როცა ხაზი ინარჩუნებს მთელს, ნაწილთა თანაფარდობაში. ხოლო ოთხად გაყოფა, გარდა პითაგორული ტეტრაქტიდის ყველა ღირსებისა, იმითაც მნიშვნელოვანია, რომ ხაზის  ნაწილებს გეომეტრიულ პროპორციაში ურთიერთობა შეუძლიათ, რაც ასე დიდ როლს თამაშობს პლატონური კოსმოსის კონსტრუქციაში (6). ელემენტთა პროპორციული კავშირი, თითქოს გამქრალი მთლიანობის წარმომადგენელია, უმაღლესი ყოფიერების კვალია და ამიტომ მისი შენახვა და შეცნობა ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. „ცასაც, მიწასაც, ღმერთებსაც და ადამიანებსაც ერთმანეთთან აკავშირებს თანაზიარება, მეგობრობა, წესიერება, თავდაჭერილობა და სამართლიანობა... თუმცა ბრძენი ხარ, ვერ შეამჩნიე, რა ძალა აქვს გეომეტრიულ ტოლობას ღმერთებშიც და ადამიანებშიც!“ (ციტირებულია მაგდა მჭედლიძის თარგმანი // პლატონი „გორგია“ 2022წ. მთარგ. შენ.) (7). არისტოტელე მოგვითხრობს პლატონის დაკარგულ ნაწარმოებზე, სადაც გონი (nuys) იგივდებოდა ერთთან, ცოდნა (episteme) - ორთან, სიბრტყის მომცემი რიცხვი (სამი) - შეხედულებასთან (doxa), შეგრძნება (aisthesis) კი სხეულებრიობასთან (მოცულობა, ანუ ოთხი) (8). დაბოლოს, კიდევ ერთ ვარიანტს, გნოსეოლოგიის და კოსმოლოგიის კავშირისა წარმოადგენს „ტიმეოსის“ სწავლება ზეციურ სფეროთა შესახებ (Tim. 35c – 36d). ორივე ტეტრადა, რომელთა შეერთება ქმნის შვიდი სფეროს ჰარმონიას (1, 2, 4, 8 და 1, 3, 9, 27), წარმოადგენს გეომეტრიულ პროპორციას და იმავდროულად ხილული სამყაროს გონითსაწვდომობის მზარდ სკალას. ამის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხაზი შეესატყვისება მსოფლიო სფეროს რადიუსს (ან, უფრო ზუსტად, რადიუსის შედგენილობა წარმოადგენს ორი რადიუსის როგორღაც წარმოებულ შეთავსებას, დაყოფილებს ლუწ და კენტ მონაკვეთებად). თუ ეს ასეა, მაშინ ხაზი უნდა გამოისახოს, როგორც ინტერვალების დაპატარავება ცოდნის სფეროსთან დაშორების მიხედვით (რაც მოგვაგონებს „ოქროს კვეთის“ პრინციპს).

 

პლატონთან სხვა ოთხობით სიტემებთან შეჯერებით (4 სტიქია, 4 სათნოება და ა.შ.) მოცემული თემისთვის ინტერესს წარმოადგენს - Soph. 253d. აქ, ისევე როგორც „სახელმწიფოს“ VI და VII თავებში საუბარია დიალექტიკური ხელოვნების არსზე, თანაც, მსგავსად ხაზისა დიალექტიკის საგანი ნაწევრდება ერთისა და მრავლის თანაფარდობის 4 ტიპად, რომელთაც, როგორც ჩანს შეესაბამება 4 ონტოლოგიური რეალობა. „ვინც ამის გაკეთებას შეძლებს, ის კარგად განასხვავებს მრავლისაგან ერთ იდეას, ყოველმხრივ განფენილს, რომელშიც თითოეული [იდეა] ცალ-ცალკე იმყოფება, ასევე - მრავალ ერთმანეთისაგან განსხვავებულ იდეას, რომლებიც ერთის მიერაა მოცული. აგრეთვე, როცა ერთი იდეა ერთიანად მრავალთანაა შეერთებული და მრავალი იდეა ერთმანეთისაგან სრულიად განცალკევებული“ (9). აქვე (254a), საუბარია არსებულის იდეის (Области бытия) „თვალისმომჭრელ ბრწყინვალებაზე“, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სინათლის მეტაფორების არაშემთხვევითობას დიალექტიკური მეთოდის დასაბუთებისას (შდრ. „სოფისტის“ ოთხი სამყარო „პარმენიდეს“ რვა ჰიპოთეზას).

 

მოყვანილი მასალა აჩვენებს, რომ პლატონს რამდენიმე ვარიანტი გააჩნდა იმის ასახსნელად, თუ როგორ ხდება ცოდნის აღმასვლა ჰიპოთეზიდან ჰიპოთეზამდე, უწანამძღვრო საწყისთან მისაღწევად. პოლივარიანტულობა შეიძლება აიხსნას, როგორც დიალექტიკაზე პლატონის შეხედულების განვითარებად, ასევე დიალოგებში დასმულ ამოცანათა სხვადასხვაგვარობით. უკანასკნელი, ალბათ, უფრო არსებით როლს თამაშობდა, რადგან გვიანი დიალოგების სწავლება საკმაოდ მთლიან, ჰარმონიულ თეორიად გამოიყურება, თავისუფლად რომ ირჩევს ეგზოთერული განხორციელების წესს. შესაძლოა, არც პლატონის ლექცია „სათნოების შესახებ“ (Agaton) სადაც ის, ძუნწი ცნობების მიხედვით, „გეომეტრიული მეთოდით“ გადმოცემდა სათნოების თეორიას, მეტაფორების და თეატრალიზაციის გარეშე, არ შეიძლება ითვლებოდეს მოძღვრების ეზოთერულ გულად. აკი, თვით ვარაუდი სათნოების ერთმნიშვნელოვანი და თანაც ტრანსლირებადი თეორიის შესაძლებლობაზე, ეწინააღმდეგება სინოპტიკური დიალექტიკის ისეთ გაგებას, პლატონთან რომ ვხვდებით.

 

დიალექტიკისთვის სპეციფიკური „შუაგულიდან საწყისამდე“ მოძრაობის აუცილებლობა პლატონის მიერ გამოწვლილვით არის ნაჩვენები. მაგრამ უსაწყისო საწყისის ბუნება არა იმდენად იხსნება, რამდენადაც იმალება თავის მზისდარ გამოვლენაში. ჩვენთვის, პირველ რიგში, ცხადი ხდება რაღაც შესაბამობა საწყისისა და სათნოებისა. მეორე რიგში, ჩვენ ვიცით, რომ საწყისამდე მიმავალი გზის ბოლოს უნდა გაქრეს გრძნობადი ხატების და ცნების გაორება: აზრის საგანი უშუალოდ უნდა განიჭვრიტებოდეს. მესამე რიგში, პლატონი ცდილობს გვაჩვენოს, რომ ჰიპოთეზიდან მის საწყისამდე გადასვლა ხორციელდება არა ავტომატურად, არამედ „ნახტომის“ ან „აღტყინების“ შედეგად. დაბოლოს, ითქმება, რომ ეხება რა პირველსაწყისს და „ყოველივე მასთან დაკავშირებულს“ აზრი ისე მოძრაობს, რომ უკვე აღარ საჭიროებს ჰიპოთეზებს, თავის საგნად მხოლოდ თავად იდეათა ურთიერთმიმართება გააჩნია. სათნოების იდეის შეუცნობლობა და გამოუთქმელობა შეიძლება ჩაითვალოს პლატონის მკაფიოდ გამოხატულ კონცეფციად, მაგრამ რჩება რაღაც გაორება სათნოებასთან , როგორც აზროვნების მიზანთან მიმართებაში. განაზრებადობის და  განსაზღვრებადობის შესახებ მეტყველებენ 511d და 534b-c. უფრო ვრცლად ამის შესახებ 517b: „გონით საწვდომი სამყაროს ზღვარი სიკეთის იდეაა, რომელსაც ძნელად თუ გაარჩევს გონების თვალი, საკმარისია ბუნდოვნად მაინც აღვიქვათ, რომ აქედან უშუალოდ გამოგვაქვს დასკვნა: სწორედ სიკეთის იდეაა ყოველივე ჭეშმარიტის და მშვენიერის მიზეზი“ (9). როგორც „საბოლოო“ იდეა, ზღვარი, სათნოება ეკუთვნის წარმოსადგენ და ზეწარმოსადგენ სამყაროსაც. ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზღვრულ სფეროში გონითი სპეკულაციის ხასიათი უნდა განსხვავდებოდეს „ჩვეულებრივი“ ეიდოსის ჭვრეტისგან. აქ უკვე ვერ იქნება ცალკეული ეიდოსის შეცნობის ლოგიკური რელიეფურობა.

 

თუმცა, პლატონი არა მარტო არ ამბობს, რაში მდგომარეობს დასაბამიერი სათნოება (ეს ბუნებრივია, ვინაიდან სათნოება „არსებობის მიღმურია“), არამედ არც იმას ხნის, თუ როგორ ანიჭებს სათნოების იდეა აზრს საბოლოო სიზუსტეს. ყველა გამომსახველ საშუალებას პლატონი ამ, ყველაზე საჭირო განმარტებაზე კი არ მიმართავს, არამედ აზროვნების აღწერისა და აღმასვლის უმაღლეს სტადიაზე მის მდგომარეობაზე, თითქოს მისი საწინააღმდეგო საგანი არც არსებობდეს. ყოველ შემთხვევაში, ცხადია რომ დიალექტიკა აზროვნების თვისობრივად სხვა ხერხია ემპირიულ მეცნიერებათან შედარებით და მისი დასაბუთება არის თვითდასაბუთება. დროებით ამაზე შევაჩეროთ პლატონური ფილოსოფიის ანალიზი, რათა მხედველობის არეში შემოვიყვანოთ კანტის იდეები.

 

„წმინდა გონების კრიტიკაში“ ჩვენ აგრეთვე აღმოვაჩენთ აზროვნების სინთეზური მოქმედების დასაბუთების პრობლემას. დასაბუთების უმაღლესი პუნქტია სწავლება აპერცეფციის ტრანსცენდენტალურ ერთიანობაზე, ე.ი. ყოველგვარი პერცეფციის აქტების ერთიანობაზე, საფუძვლად რომ უდევს შემმეცნებელი სუბიექტის აპრიორულ სტრუქტურას. თუმცა, ამ თემასთან მჭიდროდაა დაკავშირებული შემდეგი თემები: წმინდა ცნებების სქემატიზმი; სინთეზურ მსჯელობათა უმაღლესი ძირითადი დებულება; იდეალიზმის უარყოფა; იდეებზე საერთოდ; წმინდა გონების პარალოგიზმების შესახებ; ტრანსცენდენტალური იდეალის შესახებ.

 

აპერცეფციის ერთიანობის სინონიმურ გამოხატულებას კანტისთვის წარმოადგენს მ ე  და „გონება“. ტრანსცენდენტალური მ ე-ს ანალიზით კანტი მიდის დასკვნამდე, რომ ის არ შეიძლება იყოს კატეგორიათა სისტემის ელემენტი, არამედ წარმოადგენს ერთიანობის უმაღლეს ტიპს, დასაშვებს რომ ხდის კატეგორიებისთვის, სინთეზის წინასწარ მოცემულ „ველს“ მიეკუთვნებოდნენ. თუმცა შემდეგ, კანტი ისეთ დასკვნებამდე მიდის, რაც არსებითად განასხვავებს მის კონცეფციას პლატონურისგან. თუ პლატონი გონითსაწვდომის და გამოვლენილის ზოგადი განსხვავებით შემოიფარგლება და არ ავლებს საზღვარს აზრსა და ცოდნას შორის (თუმცა, სათნოებასთან „შეხებას“ ისე გამოსახავს პლატონი, რომ შეიძლება ვივარაუდოთ ასეთი საზღვრის არსებობა), კანტი დაჟინებით უსვამს ხაზს აზროვნების და შემეცნების პრინციპულ განსხვავებას. კანტის მიხედვით, გონითსაწვდომის სფერო აუცილებლობით განიაზრება, მაგრამ არ შეიცნობა, ვინაიდან შემეცნება შესაძლებელია მხოლოდ რეალური გამოცდილების ფარგლებში. ამიტომაც, სინთეზის უმაღლესი დონე, სინთეზური როგორც ასეთი, ე.ი.  მ ე-ს და გონების ურთიერთშექცევადი ერთიანობა, არ არის შემეცნების დონე. მ ე  როგორც გონების საფუძველი, ესაა ყველა წარმოდგენის წანამძღვარი, მაგრამ თავად მას არ შეუძლია გახდეს პოზიტიური ცოდნის წყარო. პლატონის სიტყვებით რომ ვთქვათ, ის „არსებობის მიღმურია“. თვითცნობიერება და თვითშემეცნება თანხვდომაში არ მოდიან.

 

რამდენადაც  მ ე  ფილოსოფიის უმაღლესი პუნქტი აღმოჩნდა, კანტისთვის მნიშვნელოვანია აჩვენოს მისი განსაკუთრებული ონტოლოგიური სტატუსი. ტრანსცენდენტალური სინთეზი, წარმოადგენს რა „გონების მოქმედებას მგრძნობელობაზე“ ახდენს გრძნობადის აფიცირებას „ზემოდან“ ისევე, როგორც „ნივთი თავისთავად“ „ქვემოდან“ აფიცირებდა გრძნობადის სივრცულ-დროითობის ფორმალურ პირობებს. ორმაგი აფიცირება შესაძლებელს ხდის როგორც თვალსაჩინო წარმოდგენის, ასევე ცნების საგანში გამოცდილებით ერთიანობას. ჩნდება შესაძლებლობა გარკვეული გრძნობადი კონსტრუქციები გავხადოთ შუამავლებად თავიანთი ბუნებით შეუკავშირებელ ცნებითობასა და გრძნობადს შორის. ამ კონსტრუქციებს კანტი უწოდებს სქემებს, ან გრძნობადის იდეალს. შუამავლობის შესაძლებლობას საფუძვლად უდევს დრო, როგორც ორივე სფეროს - „ესთეტიკურის“ და „ლოგიკურის“ აუცილებელი ელემენტი. პარაგრაფში ყოველი სინთეზური მსჯელობის უმაღლესი დაფუძნება, კანტი მიდის იმ დასკვნამდე, რომ სამი ძალის - დრო, წარმოსახვა და წმინდა მ ე - ურთიერთქმედება დასაშვებს ხდის მსჯელობაში საძებნი აპრიორული სინთეზის განხორციელებას. თანაც, მთავარი დებულება, რასაც ეყრდნობა ცნების საგნობრიობისადმი ყოველგვარი გამოყენება და თავად რასაც წანამძღვრები არ გააჩნია, ამბობს, რომ გამოცდილების პირობები და გამოცდილების საგნის პირობები, არსებითად ერთი და იგივეა.  რ. ფერბერი პლატონის უწანამძღვრო საწყისს კანტი სახელდობრ ამ დებულებასთან შეაპირისპირებს და არა ტრანსცენდენტალურ აპერცეფციასთან (10). შედეგად, ის ასკვნის, რომ „წმინდა გონების კრიტიკისთვის“ დამახასიათებელია „მესამის“ დავიწყება, ანუ იმის, რაც საფუძვლად უდევს როგორც ყოფიერებას, ასევე აზროვნებას (11). თუმცა, სინამდვილეში სახელდობრ წმინდა  მ ე  პასუხობს პლატონური „უწანამძღვრო საწყისის“ მოთხოვნებს იმდენად, რამდენადაც ეს შესაბამისობაშია კანტის სწავლებასთან. 

 

რადგან ამ სინთეზში  მ ე არა მარტო განსაზღვრავს წარმოდგენების სინთეზურ ერთიანობას (რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა მსჯელობა), არამედ „პასუხისმგებელია“ თავად ტრანსცენდენტალური სუბიექტის მთლიანობასა და უწყვეტობაზე სამივე დონეზე (გრძნობადობა, გონება, გონი), ამიტომ მისი როლი წამყვანი აღმოჩნდება. ყოველ შემთხვევაში, „წმინდა გონების კრიტიკის“ მეორე გამოცემაში კანტი ამის ხაზგასმას ცდილობდა. იმავდროულად, კანტი მკაცრად მისდევს ფენომენალურის და ნოუმენალურის განსხვავებას, რაც  მ ე-სთან მიმართებაში ნიშნავდა აკრძალვას, წმინდა ცნობიერებიდან რამე შინაარსის გამოყვანაზე. პარალოგიზმების განყოფილებაში კანტი სპეციალურად აკრიტიკებს დეკარტს, რათა გაფანტოს ილუზია გრძნობადის მეშვეობის გარეშე ყოფიერების და აზროვნების პირდაპირი კავშირისა, რის დაშვებაც ხდებოდა თეზისით „ვაზროვნებ, მაშასადამე ვაზროვნებ“. ამ თეზისს კანტი განმარტავს როგორც „განუსაზღვრელი ემპირიული ჭვრეტის“ გამოხატულებას, რომელიც როგორღაც, მაინც წინ უძღვის გამოცდილებას (12). დაუდევრობა იქნებოდა, ვერ შეგვემჩნია  მ ე-ს  თემა ტრანსცენდენტალური იდეალის განყოფილებაში. ის დასკვნები, რაც აკრძალულია ცნებების ლოგიკის დონეზე, იბრუნებენ უფლებებს პრინციპების ლოგიკის დონეზე: არსთა არსის ცნება თავის თავში აერთიანებს ზოგადს და კერძოს, გვევლინება როგორც აბსოლუტური  მ ე (13).

 

გადავიდეთ პირველსაწყისის თემის კანტიანური და პლატონური შეპირისპირებით. ორივე ფილოსოფოსი ერთ, მათი ეპოქისთვის ისტორიულად აქტუალურ პრობლემას წყვეტს, ამასთან, ოპონენტებად მსგავსი ფილოსოფიური მიმდინარეობები გააჩნიათ. ორივე შემთხვევაში, სინთეზის უსაწყისო საწყისის პრობლემის გადაწყვეტის გზებს დაბრკოლებას უქმნიან სკეპტიციზმი, რომელიც უარყოფს აზროვნების სუბსტანციურობასა და ობიექტურობას, და დოგმატიზმი, ნატურალისტურად რომ განმარტავს ყოფიერებისა და აზროვნების დამთხვევას. (პრესოკრატელები, მეგარელები და სოფისტები - პლატონის კრიტიკის  სამი მთავარი ობიექტი; ლაიბნიცი, ბერკლი, იუმი - კანტთან. შესაბამისად, არქაული დოგმატიზმი, აბსტრაქტული იდეალიზმი, ანთროპოცენტრული სკეპტიციზმი - დასაძლევი ამოცანა იყო. თუმცა, ორივე მოაზროვნე თვლიდა, რომ „დოგმატიზმის“ ფასეულობები, ახალი მეთოდით კრიტიკულად გამოცდილი, შეიძლება აღდგენილ იქნეს უფრო მაღალ დონეზე.) ამოცანის გადაჭრის ხერხი მსგავსია: იგულისხმება, რომ სინთეზის ზეგამოცდილებითი პირობა, გარდაუვალად ასაბუთებს ყველა დანარჩენ ინტელექტუალურ აქტს და რომ თავად მოცემული პირობა აუცილებლად უპირობოა და ამდენად შეუცნობადია. სკეპტიკური დასკვნები უარიყოფა იმ მიზეზით, რომ უწანამძღვრო საწყისი აქტიურად ჩაებმება შემეცნების სფეროში, თუმცა არა როგორც შეცნობადი. ის დაკავშირებულია ქმედებასთან, როგორც „სინათლის“ მიმცემიც და როგორც მაინიცირებელი სუბიექტურობის, რომელიც მასზეა მიმართული. იგი ზეთეორიულია, არის არა ცოდნა, არამედ სათნოება.

 

პლატონიც და კანტიც თვლის, რომ ცოდნის საწყისი, რომელიც არ ეყრდნობა სხვა დაშვებებს, არის ზღვრული სიცხადე. ასეთ სიცხადეს აზროვნება საკუთარ თავზე აღმოაჩენს. მაგრამ შეიძლება კი პირველსაწყისზე დასმულ კითხვას უპასუხო ისე, როგორც ეს დეკარტემ გააკეთა? ანუ, გააიგივო აზროვნება და მ ე?  პლატონი და კანტი, ორივე თავისებურად უარს ამბობს cogito-ს ერთმნიშვნელოვანებაზე. პლატონთან arche-ს პრობლემასთან კონტექსტში, მ ე-ს შესახებ, საერთოდ არაფერია თქმული. ჩნდება კი ანტიკურ ფილოოფიაში მ ე-ს თემა? და თუ ჩნდება, მაშინ როგორ ფორმებში? ეს საკითხი წარმოადგენს რთულ ისტორიულ-ფილოსოფიურ პრობლემას. „სულის“ და „გონის“ ტრადიციული განსხვავება პირდაპირ არ ეხება მ ე-ს პრობლემატიკას. ინდივიდის თავისუფლების პრობლემა, მხოლოდ ირიბად უკავშირდება მ ე-ს თემისათვის დამახასიათებელ პიროვნების აქსიოლოგიას. მართლაც, მხოლოდ პლატონიზმის ევოლუცია და ნაწილობრივ ატომიზმის ეპიკურეული ვარიანტი ამუშავებენ ინდივიდუალობის ახლებურ გაგებას. მხოლოდ ეს მიმართულებები (თუ პირობითად მხედველობაში არ მივიღებთ ანტიკურ ლიტერატურას და რელიგიას) ავლებენ ზღვარს ცნებას და არსებობას შორის და სკეპტიციზმისგან განსხვავებით ცდილობენ იპოვონ მ ე-ს შინაარსიანი ავთენტურობა. თავად პლატონთან კი იმის ზუსტი განსაზღვრების ნაცვლად თუ რას წარმოადგენს აზროვნებისათვის სიცხადე, ჩვენ ვხვდებით სინათლის მეტაფორას, თანაც, საუბარია არა შინაგან, არამედ სათნოების გარედან შემომავალ ხატებაზე.

 

კანტთან სინთეზის უმაღლესი საფუძველია მ ე, მაგრამ იბადება კითხვა, ეს პირის ნაცალსახელი რა მნიშვნელობით შეიძლება გაიგივდეს აპერცეფციასთან, ანუ ყოველგარი პერცეფციის (აქტუალურად ან პოტენციურად) თანმხლებ ცნობიერებასთან? ყოველ შემთხვევაში, ეს მ ე არ შეესატყვისება არც ფსიქიკას, არც ინდივიდუალობას (რამდენადაც ის ტრანცენდენტალურია), არც მორალს, არც შეგნებულობას ( მ ე  აგრეთვე დაკავშირებულია არაცნობიერ სინთეზთანაც), არც პიროვნებას, ვინაიდან იდეებთან და იდეალთან ზიარების გარეშე  მ ე-ს არ შეუძლია იყოს „სახე“. იქმნება შთაბეჭდილება, რომ უწანამძღვრო საწყისი პლატონისთვის - უპიროვნო სათნოებაა, კანტისთვის - უმადლო  მ ე. თუმცა ეს მცდარობაა.

 

ეჭვგარეშეა, პირველსაწყისის პიროვნულობის თემა პლატონთან „გაუშლელი“ სახით არსებობს. პირველ რიგში, შევნიშნავთ, რომ პრედიკატი ayto, ასე თუ ისე მისადაგებული ეიდოსებს და საზოგადოდ ყოფიერების უმაღლეს შრეებს, ქვედა შრეებთან შედარებისას, ანუ, იდეის „თავისთავადობა“, საკუთარ თავში მოკრება, განსხვავებით მისი სხეულებრივი მსგავსების გაფანტულობისა, მეტყველებს პიროვნულის (ავთენტურის) გაძლიერებაზე, ჭეშმარიტ ყოფიერებამდე აღმასვლის კვალდაკვალ. თვითიგივეობის უნარი არის საკუთრივ იდეის ნივთებში შენარჩუნების წესი (შდრ. აპერცეფციის იგივეობა პერცეფციებში). მაგრამ ცოდნის მწვერვალამდე აღმასვლისას, გაგების მარტივი იგივეობა საკუთარ თავთან, უფრო მეტი აღმოჩნდება, ვიდრე გამოთქმის ფორმალური პირობა. პლატონის და არისტოტელეს მიერ ფორმულირებული არაწინააღმდეგობის პრინციპი ონტოლოგიური კანონის როლს უკვე შინაარსობრივად მინიმალურ დონეზეც თამაშობდა, სადაც ის მხოლოდ აზროვნების წესი იყო. თუნდაც როგორც ფორმალური წესი, ის არსებითად წარმოადგენს იმ უპირობო საწყისს, რაზედაც ვსაუბრობთ. თუმცა აღმოჩნდება, რომ ეიდოსიდან ეიდოსამდე აღმასვლისას, ფორმალური იგივეობა შემმეცნებელი გონის ავთენტურობად გარდაიქმნება, ხოლო უმაღლეს დონეზე - გონის თვითჭვრეტად. პლატონური მზის მეტაფორა და „მეტაფიზიკის“ XII წიგნი ამ უმაღლესი დონის გაგების ორი მიდგომაა. სურვილისამებრ, მათი განმარტება შეიძლება, როგორც წინააღმდეგობრივი ფილოსოფემების, მაგრამ შეიძლება ყურადღება იმასაც მიექცეს, რომ წამყვანი მახასიათებლები, როგორიცაა - სიმარტივე, თვითკმარობა, სათნოება - თანხვდომაშია.

 

ის, რაც აღმასვლისას აზრს ემართება (სახელდობრ: განცვიფრების ღირსი გადასვლა ტავტოლოგიიდან აბსოლუტური სათნოების ჭვრეტამდე), გაშუალებულია წევრით, რომელიც უკვე ატარებს პიროვნულ ხასიათს, მაგრამ ჯერ კიდევ არ აქვს არსის დაბადების უნარი, ფლობს რა მხოლოდ ჭვრეტას და განსჯას. პლატონთან გამაშუალებელ როლს - თითოეული თავისებურად - ასრულებს ორი საწყისი: სული და გონი. კანტთან - წარმოსახვა და განსჯა.

 

შემმეცნებელი სული როგორც შუა წევრი, თავის თავში ინახავს იმავე უნარებს, რასაც მზე-სათნოება, მაგრამ ყოველი მათგანი თავისებურად ნაკლულია: სულმა იცის სათნოების შესახებ, მაგრამ როგორც მხოლოდ მიზანზე; ის ქმედითია, მაგრამ არა სიჭარბის (შემოქმედება), არამედ უკმარობის (პრაქტიკა) გამო; მისთვის მისაწვდომია სიცხადე, მაგრამ შინაარსის გარეშე, გარედან მომავალი. და მაინც, თავად ცოდნის, როგორც ასეთის ფაქტი (იხ. „თეეტეტოსი“), ტელეოლოგიურად მყოფი სულში, ანიჭებს იდეას, როგორც ცნებას სახეს. ცოდნის პიროვნული ბუნება - ეს სოკრატეს აღმოჩენაა, და პლატონი ამ მხრივ მასწავლებლის ერთგულია. მაგრამ მის მსჯელობებში ჩვენ ვხვდებით ორ მოტივს, რომლებსაც არ შეიცავს (ყოველ შემთხვევაში აშკარად) სოკრატეს სწავლება. თანაც, არც ისე ადვილია, მათი ერთმანეთთან შეთავსება. პირველი მოტივია შემოქმედის სიმბოლო („ტიმეოსი“, „ფილებოსი“), რომელიც დისტანცირებულია იდეისგან. მეორე მოტივია დინამიურობა, როგორც „ვერტიკალური“ გადასვლა ნაკლებად უნივერსალურიდან უფრო უნივერსალურ ეიდოსებამდე, ასევე, როგორც „ჰორიზონტალური“ თანაფარდობა (იდეის „კოინონია“). ამგვარად, შემოქმედის მითოლოგემა გულისხმობს მკაფიო საზღვარს იდეალურ ცოდნასა და გაპიროვნებულ სათნოებას შორის, მაგრამ სწავლება იდეების შესახებ გვეუბნება, რომ ეს საზღვარი აბსოლუტური არ არის, ვინაიდან ცოდნას ერთგვარად გააჩნია ის, რაც აჭარბებს თავად ცოდნას. სწორედ ხაზის სიმბოლო ახდენს იმ წესის დემონსტრირებას, რომლითაც მთელი ინარჩუნებს თავს ნაწილში. ის, რომ აღნიშნული უთანხმოება ნამდვილად არსებობდა პლატონის სწავლებაში, დასტურდება მოცემული პრობლემის აქტუალობით ნეოპლატონიკოსებთან, მისი გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი რომ წამოაყენეს. მაგრამ ჩვენი ამოცანის გადაწყვეტისთვის საკმარისია აღმოვაჩინოთ პლატონის ფილოსოფიაში ის პრობლემები, რომელთა წინაშე კანტიც იდგა: ჭეშმარიტებას, თვითცნობიერებას და სათნოებას შორის კავშირის დასაბუთება, მეორე მხრივ კი, ამ კავშირის წყაროზე აზროვნების უფლების დასაბუთება.

 

კანტიანურ ცნებათა ანალიტიკაში საკვანძო თეზისს წარმოადგენდა მ ე-ს და განსჯის გაიგივება. სწორედ მასზე დაყრდნობით კანტი წყვეტს ერთ-ერთ მისთვის ურთულეს პრობლემას - აპრიორული სინთეზის დაფუძნებას. თანაც, აპერცეფციის ტრანსცენდენტალური ერთიანობის თეორიაში, კრიტიკული ფილოსოფიის სხვა უმნიშვნელოვანესი თემებიცაა ჩაბმული. მ ე  როგორც პროდუქტიული წარმოსახვის წყარო, თავისუფლების სუბიექტი აღმოჩნდება; მ ე  როგორც გონების წყარო - საკუთარი თავის მიზანია. მაგრამ პრობლემის გადაჭრის საფასური, თვითცნობიერების კლასიკური გაგების ცვლილება გახდა. მ ე  მარტივი სუბიექტიდან (რომლის სიმარტივე მიიჩნეოდა სულის ნივთისგან განმასხვავებელი თავისებურება) გადაიქცა მრავალშრიან სისტემად, სიმპლექსი - კომპლექსად. სიმარტივის პრედიკატი, მართალია, არ გაქრა, მაგრამ გარდაიქმნა არატრადიციულ დებულებად სინთეზური კატეგორიალური ცოდნისთვის  მ ე-ს  მიუწვდომლობის შესახებ, ე.ი. აპერცეფციიდან, როგორც ასეთიდან რაიმე პოზიტიური დედუქციის შეუძლებლობად. (სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ პლატონთან არ არის არავითარი  მ ე-ს უფლებების გადამეტება, რამდენადაც, ის გვევლინება რეციპიენტად მზე-სათნოებასთან მიმართებაში). იგივე ეხება დეკარტესაც, რადგან cogito მასთან არ წარმოადგენს კატეგორიალური დედუქციის წყაროს: დეკარტეს დასჭირდა ონტოლოგიური არგუმენტის ლოგიკა რათა ცნობიერებისთვის გამოცდილების სფერო გაეხსნა.).

 

აპერცეფციის ტრანსცენდენტალური ერთიანობის სირთულე უპირველესად იმაში მდგომარეობს, რომ  მ ე  მოქმედებს ჯერ როგორც არაცნობიერი წარმოსახვა, ხოლო შემდგომ, როგორც ცნობიერი კონცეპტუალურობა. მ ე-ს  ასეთ თავისებურებას კანტი აღნიშნავს კრიტიკული მეთოდის გამოყენების ყველა ძირითად სფეროში. უფრო მეტიც, ტრანსცენდენტალურ აპერცეფიას ისიც არ შეუძლია ერთმნიშვნელოვნად მიემართებოდეს (თავისი ფუნქციის მიხედვით) სააზროვნო ქმედების სინთეზურ, ან ანალიტიკურ წესს: ფორმის მიხედვით  მ ე  - ანალიტიკურია, მაგრამ შინაარსით - სინთეზურია (14). თვითცნობიერების თემის ახალი განმარტება ფილოსოფიას მიმზიდველ შესაძლებლობებს უხსნიდა. საკმარისია ვახსენოთ ისეთები, რომელთა რეალიზება მოხდა კანტის შემდგომ ორ საუკუნეში: მ ე  როგორც აბსოლუტური ყოფიერების დიალექტიკის წყარო; შემოქმედებითი წარმოსახვის, როგორც ონტოლოგიური რეალობის კულტი; ირაციონალური ნების პრიმატი; ენა (და მითი) როგორც სულის ავტონომიური ფუძემდებელი რეალობა. მით უფრო მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ თავად კანტი  მ ე-ს ინტერპრეტაციის სხვა გზას ირჩევს. თვითცნობიერების სპონტანურობა თავის შესატყვისს ღებულობს პრაქტიკულ დონეზე - ეთიკის ზერაციონალურ (და არა ირაციონალურ) თავისუფლებაში (15), ტელეოლოგიურ დონეზე - სიმბოლოში იდეალის შემოქმედებითად ასახვაში. კანტის დასკვნები გონების მარეგულირებელი როლის თაობაზე რამდენადმე ჩრდილავს გონების არანაკლებად მნიშვნელოვან (უშუალოდ თვითცნობიერების ბუნებაში ფესვგადგმულ) როლს, ცოდნის თვითდასაბუთებაში და ყოველ დონეზე სპონტანური სინთეზის უფლებას. კრიტიკულ ფილოსოფიას, ზუსტი მეცნიერების სახით არსებობის უფლება გააჩნია არა მარტო იმიტომ, რომ ცოდნის კატეგორიალურ და დიალექტიკურ ზღვარს იცავს, არამედ იმიტომაც, რომ თვითცნობიერების და თვითშემეცნების განსხვავება, რაც მხოლოდ ფილოსოფიისთვისაა მისაწვდომი, არის საზრისის და ფაქტის სინთეზის ერთადერთი პირობა. ფილოსოფიური აზროვნების მობრუნება საკუთარი თავისკენ და შესაბამისად ნების  საკუთარი თავისკენ, როგორც პიროვნებისკენ მობრუნება ჯერარსს არსად ვერ გადააქცევენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეუძლიათ „ფილოსოფიის უმაღლეს პუნქტში“ - წმინდა  მ ე-ში - დაინახონ უპირობო დასაბუთება, როგორც გონების, ასევე განსჯის კონკრეტული სინთეზური აქტებისთვის.

 

ის ფაქტი, რომ კანტი პუნქტუალურად განასხვავებს აზროვნებისა და ცნობიერების უფლება-მოვალეობებს, რაც პლატონთან, როგორც ვნახეთ მოცემულია დიფერენცირებულ ერთიანობაში, სულაც არ მოწმობს მათი პოზიციების წინააღმდეგობრიობაზე. კანტს უმალ დაახლოებით იმავეს თქმა შეეძლო პლატონზე, რაც ოდესღაც თავის „ლაიბნიცის აპოლოგიაზე“ განაცხადა. იდეების შესახებ პლატონური სწავლების (მისი აბსტრაქტული სახით) კრიტიკა ხომ მნიშვნელობას კარგავს, თუ გავითვალისწინებთ კანტიანურ განსხვავებას ნოუმენალურ დონეზე დასაშვებსა და ფენომენალურზე დაუშვებელს შორის.

 

ამგვარად, შეიძლება დაფიქსირდეს ფილოსოფიის დასაბუთების წესების მონათესაობა, როგორც აზროვნებაში „უწანამძღვრო საწყისის“ უახლოესი ანალოგი პლატონის და კანტის კონცეფციებში. მომენტი, როდესაც ცოდნა საკუთარ თავზე ცოდნა ხდება, როდესაც ხორციელდება მცდელობა გაგებისა, თუ რას ნიშნავს „გაგება“, ხსნის ცოდნის განსაკუთრებულ სფეროს, პოზიტიური შემეცნების არმომცემს, მაგრამ მისი პირობების და შესაძლებლობის დამსაბუთებელს, ცოდნის კონკრეტულ (პლატონისთვის - განივთებულ) ფორმებისკენ მაინიცირებელ მოძრაობას. არისტოტელე უწინამძღვრო „პირველი ფილოსოფიის“ ძიებას უძღვნის თავის მთავარ ნაშრომს „მეტაფიზიკა“. ჰეგელი კანტზე დაყრდნობით (შესაძლოა გაშუალებულად), ავითარებს სისტემის „საწყისის“ პრობლემას, რომელიც, მიუხედავად მთელი მისი კატეგორიალური სიცარიელისა, წინასწარ განჭვრეტს კატეგორიათა მოძრაობის „დასასრულს“. ახალევროპული აპრიორიზმის სათავეებთან მდგარი დეკარტე და მისი „cogito” ასევე აფუძნებს ფილოსოფიის, როგორც მეცნიერების შესაძლებლობას.

 

საგულისხმოა, რომ ახალ ეპოქაში, ჰეგელის შემდგომი ფილოსოფია დიდი ძალისხმევით, არსებითად კი მუდმივი წარუმატებლობით ცდილობდა იმის გაგებას, რაც ცხადი იყო ნახსენები კლასიკოსებისთვის. ის ფილოსოფოსებიც კი, თავს პლატონის და კანტის მემკვიდრეებად რომ თვლიდნენ - ნეოკანტიელები, შოპენჰაუერის მიმდევრები (მაგალითად, დეისენი) - ისეთ პოლარულ უკიდურესობებში ვარდებოდნენ, რასაც მათი მასწავლებლები ებრძოდნენ: დოგმატური რაციონალიზმი, ან სკეპტიკური ფსიქოლოგიზმი. შესაძლოა, ყველაზე მკაფიო მაგალითია პ. ა. ფლორენსკის კონცეფცია. ღირს მისი მოხსენიება, რადგან აქ ძნელია დავუშვათ „ვერგაგების“ სასკოლო დონე ან კულტურულ-ისტორიული უგრძნობლობა. მით უფრო თვალსაჩინოა კანტის აზრთწყობის პრინციპული აუთვისებლობა. „პლატონი და კანტი“, - ამტკიცებს ფლორენსკი - „ერთმანეთს ისე მიემართებიან, როგორც ბეჭედი და ანაბეჭდი; ყოველივე, რაც გააჩნია ერთს, გააჩნია მეორესაც, მაგრამ ერთის ამოზნექილობა მეორეს ჩაზნექილობა, სიცარიელეა. ერთი პლიუსი, მეორე მინუსია“ (16). „დიდი ცბიერი ვინმეა კანტი. მისი მოვლენები - ფენომენებია, რომლებშიც არაფერი ვლინდება; მისი გონითსაწვდომი ნოუმენები, სწორედაც რომ გონებით არ მიიწვდომებიან და საერთოდ ყველანაირად მიუწვდომლები არიან. მისი ნივთები თავისთავად, რომლებიც როგორც ირკვევა,  არც თავისთავადნი არიან და არც ნივთები, არამედ მხოლოდ გონებაში არსებული ცნებები, თანაც ცრუ, ზღვრული ცნებები... მისი წმინდა ინტუიციები - სივრცე და დრო, რომლებიც სწორედ რომ წმინდა სახით არ შეიძლება განჭვრეტილ იქნენ... მისი „გონების აპრიორული ელემენტები“, მხოლოდ აპოსტერიორულად რომ შეიმეცნებიან...  მისი თავისუფლება ყოველივე ნამდვილში, მხოლოდ მტკიცედ შემბოჭავი აუცილებლობაა... ყველა ეს მერყეობა „ჰოს“ და „არას“ შორის მოუწყვლელს გახდიდა ფილოსოფოსთა შორის უცბიერესს... იძულებული რომ არ გამხდარიყო, ერთადერთხელ არაორაზროვნად გამოეთქვა სათქმელი - ტერმინით „ავტონომია“ (17). აქ კანტის კონცეფცია არა მარტო მახინჯდება, არამედ სარკისებურად იცვლება. ფლორენსკი-კულტუროლოგისთვის, თავისი მეთოდით რომ „სიცოცხლის ფილოსოფიას“ მიეკუთვნებოდა, მნიშვნელოვანი იყო, რომ კანტი პროტესტანტულად ორიენტირებულია, მაშასადამე მისი ფილოსოფია უნდა წარმოადგენდეს კრიტიკოსისთვის გარკვეული, წინასწარ ცნობილი სიმპტომების სინდრომს. არც ისე ძნელია, მოიპოვო ეს სიმპტომები კონცეფციაში, რომელიც შეგნებულად ამუშავებს პირობითის და უპირობოს ანტინომიებს. იგივე ოპერაციის ჩატარება შეიძლება პლატონის მიმართაც. თუმცა, აქ ადგილი აქვს, არა ფლორენსკის ბოროტგანზრახულობას, არამედ, პოსტკანტიანური ეპოქის ფილოსოფოსებისთვის უკიდურესად დამახასიათებელ მიდრეკილებას, ფილოსოფიის არაფილოსოფიური („უმაღლესი“ ან „უდაბლესი“) ფენომენებით ახსნისკენ, რაც არსებითად, შეუძლებელს ხდის ადეკვატურად გავიგოთ „უწანამძღვრო საწყისის“ შესახებ სწავლება.

 

  1. პლატონის ტექსტმა, ხაზის გაყოფის პროცედურას რომ აღწერს, დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გაუგებარია, სახელდობრ როგორ არათანაბარ ნაწილებად უნდა მოხდეს გაყოფა და რა წესით; ხაზი ჰორიზონტალურია თუ ვერტიკალური; აგრეთვე, დიდი თუ მცირე მონაკვეთიდან იწყება მოძრაობა ცოდნიდან მსგავსებისაკენ. ამის შესახებ იხ.: ჯონ ოსტინი - ხაზი და გამოქვაბული პლატონის „სახელმწიფოში“ // J. L. Austin, The Line and the Cave in Plato’s Republic; Brumbaugh R.S. Plato’s Mathematical Imagination. Bloomington, 1954. P. 101-104; Raven J.E. Plato’s Thought in the Making. Cambridge, 1965; Ferber R. Platos Idee des Guten. Sankt Augustin, 1984.
  2. „თვით სიკეთე არსებობა კი არ არის, არსებობის მიღმურია, რომელსაც თავისი ღირსებით და ძალმოსილებით აღემატება“ (...all’ eti epekeina tes oysias presbeia kai dynamei hyperechontos”. 509 b) (Resp. 509b). გასათვალისწინებელია, რომ oysia შეიძლება აღნიშნავდეს, არა მარტო არსებობას ზოგადად, არამედ (პირველ რიგში) კონკრეტულად არსებულსაც, არსებობის „მქონეს“, სხვა სიტყვებით - რაობას. Dynamis შეიძლება აღნიშნავდეს არა მარტო ძალას, არამედ შესაძლებლობას, თვისებას. შესაბამისად, epekeina შეიძლება გავიგოთ, როგორც თვისობრივად განსხვავებული, ყოფიერების შეზღუდული რაობისაგან.
  3. რა თქმა უნდა, „სათნოება“ და „სიკეთე“ მოცემულ კონტექსტში არ უნდა გავიგოთ, როგორც ეთიკური კატეგორიები, თუმცა მორალის სფეროსთან მათი პირდაპირი კავშირის უარყოფა შეუძლებელია. „კალოკაგათიის“ იდეალს, როგორც ადამიანის ონტოლოგიურ ვარგისობას, შეუძლია სიკეთის, როგორც მთლიანობას, მართებულობას და სიკეთის, როგორც გულმოწყალებას შორის განსხვავების ილუსტრირება.
  4. Raven J. E. Sun, Divided line and Cave // Classical Quarterly. 1953. Vol.3, N1,2.
  5. ორი მეუფის შესახებ: 517 b-c. შედარებით ნაკლებად შესწავლილია ცენტრის და პერიფერიის სემანტიკა პლატონის ფილოსოფიაში. შესაძლოა, პირველის და უკანასკნელის ადგილთა ურთიერთგაცვლას (ქმნადობის სამყაროდან არსთა სამყაროსკენ გადასვლისას), გააჩნია რაღაც შესატყვისი კოსმოლოგიაში. ყოველ შემთხვევაში, ხაზი და კოსმიურ სფეროთა სისტემა, ფიზიკურ მზეს ანიჭებენ შუათანას როლს პროპორციაში, ხოლო გამოქვაბულის და გონითსაწვდომი მზის ანალოგია, მზე-სათნოებას აშუქებენ, როგორც აღმასვლის უკიდურეს წერტილს. კომპოზიციურად, მზის სიმბოლო „სახელმწიფოს“ შუაგულია.
  6. იხ.: Лосев А. Ф. Античный космос и современная наука. М., 1927. გვ. 419-421; 164-167.
  7. 508a. „კანონებში“ (Legg.757b) გეომეტრიულ ტოლობას ეწოდება „ზევსის მსჯელობა“, რადგანაც ის არითმეტიკულისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ჭეშმარიტ სამართლიანობას (შდრ. აგრეთვე ყოფიერების, როგორც „ოთხეულის“ განმარტება გვიანდელ ჰაიდეგერთან).
  8. De an. 404b 15-20. შდრ. პლატონის აზრი პირველსაწყისის მოცულობაზე (სხეულებრიობაზე) სამ ეტაპად გადასვლის შესახებ Legg. 894a.
  9. იხ.: პლატონი „სოფისტი“ თბილისი 2013. გვ. 331 (მთარგ. შენ.)
  10. Ferber R. Platos Idee des Gutten. Sankt Augustin, 1984. S 184-193.
  11. S. 192-193.
  12. შეიძლება შევნიშნოთ, რომ „წმინდა გონების კრიტიკის“ პოლემიკური პასაჟებიდან სამი ერთმანეთის მსგავსია, როგორც ამოცანების, ასევე არგუმენტების მხრივ: ბერკლის წინააღმდეგ - პრინციპების შესახებ განყოფილებაში, დეკარტეს წინააღმდეგ - იდეათა შესახებ განყოფილებაში, ანსელმის (ან ლაიბნიცის) წინააღმდეგ - იდეალის შესახებ განყოფილებაში. ყოველ ჯერზე, ახალ დონეზე დაისმის კითხვა, აზროვნებიდან ყოფიერების კატეგორიალური დედუქციის შესაძლებლობის შესახებ.
  13. აპერცეფციის ტრანსცენდენტალური ერთიანობის გასაგებად, მნიშვნელოვანია კანტის მითითებები ნაშრომში მეტაფიზიკის წარმატებების შესახებ.
  14. პრობლემის დაწვრილებით ანალიზი იხ.: გ. თევზაძე - იმანუელ კანტი
  15. კატეგორიული იმპერატივი წარმოადგენს უწანამძღვრო საწყისს ჰიპოთეტურთან შედარებით. „ჰიპოთეზის“ გამოჩენა მოცემულ, სავსებით პლატონური შინაარსის კონტექსტში, ალბათ ტერმინოლოგიური დამთხვევაა, მაგრამ თავად აზრთა სვლა ძალზედ ნიშანდობლივია.
  16. Флоренский П. А.  Культ и философия // Собр. соч. Философия культа. М., 2004.
  17. იქვე, გვ. 103-104.     

                                        

 

 

გაზიარება: